იმისთვის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები დაინერგება, ეს უცხოეთზეც უნდა გავრცელდეს და დიასპორის წევრები საარჩევნო სიებში უნდა დარეგისტრირდნენ.
„იმისთვის რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო. ერთია ის, რომ მათთვის პარლამენტში ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს. ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკუთარ სიაში, ოღონდ არა ბოლოში, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ჩაწეროს. ამით ეს საკითხი მოიხსნება და მათ ეცოდინებათ რანაირად და როგორ დაიცვან საკუთარი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებში.
მეორე არის არჩევნები. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების საკითხი, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსულოები აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ ხალხმა თავი დაირეგისტრიროს და ამომრჩეველი გახდეს. ამას სჭირდება მუშაობა, რეკლამირება. არალეგალებისთვის ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვინმე მთავრობას შეატყობინებს იმას, რომ საკუთარი ქვეყნის საარჩევნო სიაში არიან ჩაწერილები. მაგალითად, საფრანგეთში, მაშინ როდესაც ალჟირში არჩევნები ტარდება, საელჩოების წინ უზარმაზარი რიგებია. მათი დიდი ნაწილი არალეგალია, მაგრამ ამას ხელს არავინ უშლის. თუ ქვეყანაში ელექტრონულ არჩევნებს დავნერგავთ, რაღატომ გვიჭირს, რომ ეს უცხოეთზე გავავრცელოთ და შორ მანძილზე მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ მონაწილეობა მიიღონ?! თუ ჩვენ დიასპორის დაცვა გვინდა, ეს არის ის, რასაც დიასპორის დაცვა ჰქვია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე დიასპორის ფორუმი დატოვა, თუმცა გასვლამდე ღონისძიებაზე დიასპორების წარმომადგენლებს მიმართა, რომ მისი სოციალური ქსელი მუდმივად ღიაა და მათ შეკითხვებს ნებისმიერ დროს უპასუხებს. „გარეთ ზოგიერთი დიასპორის წევრები მეც მელოდებიან და ბოდიშს ვიხდი, რომ აქ თქვენთან ვეღარ დავრჩები, მაგრამ იცით, რომ ჩემი სოციალური ქსელები ღიაა და ნებისმიერ დროს ყველას ვპასუხობ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა. საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.