ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.
„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.