დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები
საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის
საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს
თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4
ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან
სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის
განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. როგორც
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხვადასხვა
ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების ჩართულობა, მათი
მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება საარჩევნო გარემოს
გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო
ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში 4 ოქტომბრის
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებიან. დღეს დელეგატები
სტუმრობდნენ ცესკოს, რომლის ფარგლებშიც მათ პირადად მივაწოდე
ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და იმ
მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს 4
ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. რა თქმა
უნდა, შეხვედრა მაღალი ინტერაქციით წარიმართა და უცხოელ კოლეგებს
მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხთან
დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ერთი მხრივ დააკვირდებიან
კენჭისყრის მიმდინარეობას, მეორე მხრივ კი გაიზიარებენ საქართველოს
გამოცდილებას, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით“,-
განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ასევე
დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის
გავლენისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური
საშუალებების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაზე, რომლის პირველი და მეორე
ფაზის შედგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს გადმოეცა. უცხოელი
კოლეგების კითხვებს ასევე უპასუხეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა.
ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.
„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, მინდა მადლობა
გადავუხადო საქართველოს ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევისთვის,
ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოსთვის ეს არჩევნები,
ვინაიდან ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ჩვენი ქვეყანაც
გეგმავს საზოგადოებას გააცნოს საარჩევნო ტექნოლოგიები საერთო არჩევნებზე
მომავალ წელს, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია რეალურ დროში ვნახოთ,
როგორ მუშაობს ეს აპარატურა. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი,
ვინაიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების თაობაზე, იმისათვის,
რომ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ხვალ შესაბამისად
დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ.
თავის მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და
კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის შინაგან
საქმეთა სამინისტროს, არჩევნების, რეფერენდუმის და პოლიტიკური პარტიების
საარჩევნო დეპარტამენტის საარჩევნო ოფიცერმა ალექსანდრე ტრსტენსკომ.
„ვიმედოვნებთ, რომ გავიზიარებთ კარგ პრაქტიკას ხვალ დაგეგმილი
არჩევნებიდან. დღევანდელი შეხვედრიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო
ინფორმაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემაზე და ხმის მიცემის
პროცესზე. მართალია, საქართველოს განსხვავებული გამოცდილება აქვს, თუმცა
არის ბევრი მსგავსება სხვა ქვეყნების საარჩევნო პრაქტიკასთან. მაქვს
მოლოდინი, რომ ხვალ დაკვირვებისას, როგორც საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, მივიღებ განსხვავებულ და საჭირო
ინფორმაციას და გამოცდილებას, რომელსაც ჩემს კოლეგებს გავუზიარებ“.
სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 4
ოქტომბრის არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ისე საარჩევნო პროცესების კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე არჩევნების ინკლუზიურობისა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მხარეები კონსულტაციებს გამართავენ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა ხაზს უსვამს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საერთო მიზანს, ხელი შეუწყონ გამჭვირვალე, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საარჩევნო გარემოს განვითარებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერამდე, გიორგი კალანდარიშვილმა, ჯანეტ ლავს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სრულად არის მზად უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება.