ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა განიხილა.
გრძელვადიანი განვითარების გეგმის დოკუმენტი მუნიციპალიტეტის განვითარების მომდევნო წლების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხების ხარისხიანად და დადგენილ ვადაში განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა თინა აბულაძემ შეხვედრის მონაწილეებს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების მეთოდოლოგია და სტრუქტურა წარუდგინა.
სამუშაო ჯგუფი მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან, საკრებულოს დეპუტატებისგან, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან და მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აქვეყნებს.
,,დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად.
განცხადების გამოქვეყნებისას, გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების სივრცე სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით, ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული:
- პირველი - გაჩნდა შესაძლებლობა, საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას;
- მეორე - გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული;
- მესამე - მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.
ბუნებრივია, ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც, საბოლოოდ, საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს.
ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ.
გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.
თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით.