რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევrს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე მადლობას უხდის საკუთარ ოჯახსაც და აღნიშნავს, რომ სურს „ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოს“.
„მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული და პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მე მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს".
