ჩეხეთმა ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის პირველობაზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ევროპის ჩემპიონატზე 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მთელი ტურნირი ლიდერობდა ლილე სვანაძე.VII-VIII ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მან შეძლო ბოლო ტურში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ლილე სვანაძე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონატზე, ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.
მარიამ კალანდაძემ არც-თუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, 6 პარტია მოიგო ზედიზედ და ბოლო ტურში ჩემპიონთან დაფიქსირებული ყაიმით დამაჯერებლად მოიპოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული.
დასკვნით ტურში, მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კესარია მგელაძემ.
16 წლამდე გოგონების პირველობაზე შესანიშნავად ითამაშა მარიამ ცეცხლაძემ! მარიამმა, I- VI ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით გავიდა მეოთხე ადგილზე.