“ტორპედო” და გიორგი არაბიძე თანამშრომლობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ.
დავით დოლაბერიძე, კლუბის გენერალური დირექტორი: “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს განვმარტო, რომ გიორგი არაბიძესა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
მხარეებმა შეთანხმებას მივაღწიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
კლუბის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გიორგის გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ წვლილისთვის, რომელიც მან “ტორპედოს” წარმატებაში შეიტანა. გიორგი ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდის ფეხბურთელი - ის იყო და დარჩება იმ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, რომლის მაისურიც სხვადასხვა დროს არაერთხელ მოურგია. ვაფასებთ მის გამოცდილებას, ლიდერულ თვისებებსა და იმ ემოციებს, რომლებიც მას გულშემატკივრებთან აკავშირებს.
მსურს, გიორგის მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამოწვევა და წარმატება ელის.
რაც შეეხება კლუბში არსებულ ვითარებას, რაიმე სახის არეულობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობასა და უახლოესი მატჩისთვის მზადებას. მიმდინარე სეზონის დარჩენილ შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას. პარალელურად, კლუბი მომდევნო სეზონისთვის ემზადება, რომლის დაწყებასაც მნიშვნელოვნად განახლებული შემადგენლობით ვგეგმავთ.
ჩვენი მიზნები უცვლელია - “ტორპედოს” განვითარება, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და გულშემატკივრისთვის ღირსეული ფეხბურთის შეთავაზება”.
გიორგი არაბიძე: “მადლობა “ტორპედოს” იმ პერიოდისთვის, იმ გამოცდილებისა და ემოციებისთვის, რომლებიც ამ კლუბთან მაკავშირებს. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქუთაისში დაბრუნება და ამ გუნდის მაისურით თამაში.
“ტორპედო” ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება. მადლობა კლუბის თითუეულ წევრსა და თანაგუნდელებს. განსაკუთრებით, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ნდობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.
ერთად გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მთელი გულით ვუსურვებ “ტორპედოს” წარმატებას!” 🖤
