- საზოგადოება
- გადასვლები: 532
სასურსათო ვაუჩერი და სააღდგომოდ დაპირებული ხელფასი-პროფკავშირი მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებს,რომლებიც რამდენიმე თვეა უსამსახუროდ არიან დარჩენილები, სააღდგომოდ ერთი თვის ხელფასის 60% დაერიცხებათ.რაც შეეხება იმ მაღაროელებს,რომლებსაც ,,ლიბერთი ბანკმა,, სესხის პროცენტის სანაცვლოდ დარიცხული ხელფასები სრულად ჩამოაჭრა,პროფკავშირების წარმომადგენლის, თამთა მუზაშვილის ინფორმაციით, ასეთმა ადამიანებმა ჭიათურის პროფკავშირების ოფისს უნდა მიაკითხონ.მისი თქმით,პრობლემის მოსაგვარებლად ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
,,ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-ის დარიცხვა 4 აპრილს დაიწყო და 7 აპრილს დასრულდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ჭიათურაში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ მიღწეულია შეთანხმება, სააღდგომოდ კიდევ ერთი თვის ხელფასის 60%-ის დარიცხვასთან დაკავშირებით.
იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოცდენის პერიოდში აგრძელებდნენ მუშაობას, სრულად დაერიცხებათ ხელფასის 100%, ისევე როგორც ხელფასის დარიცხვის პირველ შემთხვევაში.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 8 აპრილიდან 3600 თანამშრომელს პროფკავშირების სახელით დაურიგდება სპეციალური ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები მიიღებენ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ნაკრებს.
სამმხრივი კომისიის მუშაობის შედეგად უკვე გამოიკვეთა კონტურები მაღაროების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივ კომისიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესწავლილი იქნება ყველა შესაძლებლობა, რაც უკავშირდება მიწისქვეშა სამუშაოების განახლებას.
პროცესში ჩართულნი არიან ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ სპეციალისტებთან და საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაციის შედეგად, ჭიათურაში ადგილზე შეისწავლიან მაღაროების გახსნის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა შუქრუთის საკითხი, რომელიც ფუნდამენტურ გადაწყვეტას საჭიროებს, რაც გულისხმობს იმას, რომ შუქრუთის მაღაროს გახსნის გარეშე წარმოების განახლება შეუძლებელია.
პროფკავშირები ყოველთვის იქ ვართ, სადაც ჩვენი ხმაა საჭირო — მშრომელების გვერდით!
დღევანდელი გამოწვევების მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძოლას დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. ჩვენმა ძალისხმევამ უკვე კონკრეტულ შედეგს მიაღწია. ამის მაგალითია, ის შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები, იძულებითი მოცდენის მიუხედავად, ხელფასის 60%-ს მიიღებენ.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს, რომ ერთიანობა და თანმიმდევრული მოქმედება შედეგს იძლევა.
ჩვენ ბოლომდე ვიქნებით მაღაროელების გვერდით, ყველა გადაწყვეტილებასა და მოლაპარაკებაში. ჭიათურელი მშრომელებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას მშრომელთა ინტერესების დასაცავად,,-საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.