გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 206 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 157 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 99 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, შიდა ქართლში - 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი - 1.
ჯამში ამოღებულია 108 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 359 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 11 უკანონო სახერხი საამქრო.