- კულტურა
- გადასვლები: 249
ქუთაისის მერია საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს აღარ დააფინანსებს
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ქუთაისის მერია აღარ დააფინანსებს.
ინფორმაცია ფესტივალის გვერდზე ვრცელდება.
,,გასული წლების განმავლობაში ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. რომლის კონტრიბუციაც იყო არათანხობრივი და უზრუნველყოფდა ფესტივალის სტუმრებისა და გუნდის ცხოვრების ხარჯებს.
წელს, მერიაში საკადრო ცვლილებების ფონზე, შეყოვნებებითა და ხარვეზებით მიმდინარეობდა ტენდერის პროცესი, რასაც მაქსიმალურად გაგებით ვეკიდებოდით და ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ამ დაყოვნებების უკან სხვა არაფერი იდგა, რადგანაც წერილობითაც და სიტყვიერადაც გვქონდა შესაბამისი პირების დასტური და მხარდაჭერა
მაგრამ, 17 სექტემბერს, ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ოფიციალური წერილით უარი განგვიცხადა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე, მიზეზად კი საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა. მათი განცხადებით: “ბოლო თვეების განმავლობაში, წარმოიშვა რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემური საკითხი, რომლის დროული გადაჭრა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდღეობაზე” (ციტატა)
შეპირებულ მხარდაჭერაზე უარის თქმის გარდა, ჩვენთვის დამანგრეველია ის დაკარგული დრო, რაც მერიის გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია და ჩვენი ფესტივალი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
მიუხედავად სირთულეებისა, ფესტივალის გუნდი მთელი წელია მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე მუშაობს, რომ ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე გასულ წელს.
ამ შრომის შედეგად, ფესტივალს სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად წელს ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი - მარისა პარედესი ეწვევა!-"წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება. წელს ფესტივალი 4-9 ოქტომბერს გაიმართება.
,,მიმდინარე წელი ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა, რადგან კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე, უარი ვთქვით ეროვნული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად - დაფინანსებაზე.
საბედნიეროდ ფესტივალს კვლავ გვერდში უდგას თიბისი კონცეპტი, ასევე მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ეროვნული არქივი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, მოლდოვის ნაციონალური კინოცენტრი, ორგანიზაცია “ევროპული კინოფესტივალები”, სტუდები: არებატო და ველოსიპედი, კომპანიები: სარაჯიშვილი და ბორჯომი, სასტუმროები: რუმსი და სტამბა, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA.
ამ მხარდაჭერის დამსახურებით, ფესტივალის მზადების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, შეძენილია უცხოელი სტუმრების სამგზავრო ბილეთები და არასაკონკურსო პროგრამები.
სწორედ ამიტომ, ყველას, ვისთვისაც ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია, გთხოვთ დახმარებას, გვჭირდება ქართველი და უცხოელი სტუმრების სასტუმროში განთავსებისა და მასპინძლობის თანხა. მხარი დაგვიჭირეთ, რათა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლამდე კინოს მიტანა!
შემოწირულობებს ვიღებთ ანგარიშებზე:
GEL: #GE09TB7442736080100010
EUR: #GE75TB7442736180100002
USD: #GE75TB7442736180100002
მიმღები: ხელოვნების განვითარების ფონდი აია"-ფესტივალის ორგანიზატორები.