ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, საოპერო მომღერალს , რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით 6 მარტს,მესხიშვილის თეატრში საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად რამაზ კუბლაშვილი, მისი კოლეგები, აღზრდილები და თეატრის ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.დასაწყისი 19:00 საათზე.
რამაზ კუბლაშვილის დებიუტი დიდ სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისში“ მალხაზის პარტიით შედგა,კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში.
კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1979 წლიდან, რამაზ კუბლაშვილის შემოქმედებითი კარიერა ქუთაისის ოპერის თეატრს დაუკავშირდა.
მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ პარტიებს, როგორებიცაა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), კოტე (დოლიძის „ქეთო და კოტე“), არსაკიძე (მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), მინდია, ერთაოზი (თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“), ბერდო (ლაღიძის „ლელა“), ალფრედი, ჰერცოგი (ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“), ნადირი (ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“), რინუჩო (პუჩინის „ჯანი სკიკი“), ლენსკი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვის „ალეკო“) და ა.შ.
პარალელურად, პროფესორი რამაზ კუბლაშვილი აქტიურ, ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.
1999 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2018 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი - „ხელოვნების ქურუმით“. ამავე წელს ქუთაისის ოპერის თეატრის წინ გაიხსნა რამაზ კუბლაშვილის ვარსკვლავი.
