21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის - „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ. 

„საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც ამ პროფესიით, ისე, ტყის ეკოსისტემის მოვლით და შენარჩუნებით“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ბოლო ერთ თვეში იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 31 ფაქტი შეიცავს.  

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 79 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, 45 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 21, აჭარაში - 18, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში გამოვლინდა 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 1 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. 

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული, ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

 

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულს,რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა, პატიმრობა მიუსაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა.

 

 

2 თებერვლამდე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი

 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 

ქ. თბილისში 30 იანვარს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაღდათში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მებარმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, 2023 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში,  წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

იუზა ცერცვაძე- 2023 წლის საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის  ვიცე ჩემპიონია.
 
მილერ ხურციძე-2023 წლის  სტამბულის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია.
 
ზვიად ბაზანდარაშვილი-საქართველოს ჩემპიონი ვეტერან ძიუდოისტთა შორის   აბუ-დაბიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონია.
 
ლუკა ჯანელიძე-საქართველოს ახალგაზრდულ ფრენბურთელთა ნაკრების მოთამაშეა.
 
ვარლამ სვანიძე-შშმ პირებს შორის იმერეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია ნარდში.
 
გიორგი მსხვილიძე-სხვადასხვა რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია თავისუფალ ჭიდაობაში.
 
მერმა წარმატებულ სპორტსმენებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
იმერეთში მაისის თვეში უკანონო თევზჭერის 15 ფაქტი გამოვლინდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

 
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 5 სამართალდარღვევა, 4-4 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და გურიაში, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, აჭარაშიც - 1. 10 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები აღკვეთილია დედაქალაქშიც - მაისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.  
 
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, გოდორ-ყურე და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 6, გოდორ-ყურით - 15 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 39 ფაქტი.
 
 მიმდინარე წლის მაისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 825 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, ბაზალეთის ტბიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და მდინარე აჭისწყალიდან. ასევე ამოღებულია 15 ერთეული თევზმახე - „გოდორი“ და 1 ე.წ. ფაცერი.
 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.      
 
  1 მაისიდან  31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.
 
 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search