არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათი მიერ წარმოებული საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა. არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.,,
სარჩელი არ დააკმაყოფილა მარნეულის, ბოლნისის, ზუგდიდის ,თბილისის სასამართლოების მოსამართლეებმა, რაც შეეხება ქუთაისს, როგორც ორგანიზაცია ავრცელებს, ,,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა შოთა სირაძემ, ნანა კალანდაძემ და ლერი თედორაძემ არ დააკმაყოფილეს ჩვენი სარჩელი.,,-წერია განცხადებაში.
ორგანიზაციამ 12 საჩივარი შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით წარადგინა. კერძოდ, არჩევნების დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ იმ უბნების საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული დისბალანსი გადაამოწმა, რომელსაც აკვირდებოდა. 12 უბნიდან, სადაც დისბალანსის გამო მოთხოვნილი იყო ბიულეტენების გადათვლა, 3 საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვალეს; 2 უბანზე საოლქო კომისიებმა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, კიდევ 2 უბანი კი, რომელთა გადათვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო კომისიებმა მოგვიანებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც გადაითვალეს (აქედან ერთის შემთხვევაში მხოლოდ ბათილი ბიულეტენები); დანარჩენ 5 უბანზე კი ბიულეტენები არ გადათვლილა. ზემოაღნიშნულ უბნებზე გადათვლის შედეგად ჯამში შემდეგნაირად შეიცვალა საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – მოაკლდა 1 ხმა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მოემატა 1 ხმა; „გახარია - საქართველოსთვის“ – მოემატა 10 ხმა; „გირჩი“ – მოაკლდა 24 ხმა; „საქართველოს განვითარების პარტია“ – მოემატა 1 ხმა; ბათილი ბიულეტენი გაიზარდა 39-ით; მოსული ამომრჩეველი გაიზარდა 30-ით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
„თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები - „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ - გირჩი ჯაფარიძე“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.
მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დადგენილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს გაიმართება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.