საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქუთაისში ვიზიტსა და გაკეთებულ განცხადებებს პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ეხმაურება.გიორგი გოგუაძემ საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
"დღევანდელი ქართული ოცნების პრობლემა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ქუთაისში გაკეთებულ განცხადებებში ჩანს. მათ არ შესწევთ ძალა რეალობას გაუსწორონ თვალი, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, შესთავაზონ გამოწვევებიდან გამოსასვლელი გზა საზოგადოებას, აჩვენონ პროგრესი და უკეთესად ცხოვრების პერსპექტივა.
ამის სანაცვლოდ, მათი სრული კამპანია აგებული იყო ერთმანეთის უარყოფაზე, პიროვნულ ცილისწამებასა და ზეწოლაზე. ქუთაისში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სწამს მომავლის, სურს პოლიტიკა იქცეს საქმის კეთების სივრცედ და არა ქვეყნის ინტერესების გათელვის ასპარეზად."-წერს გოგუაძე.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე თქვა,რომ მათ ხმები გიორგი გახარიამ დააკარგინა.
"რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა"- განაცხადა პრემიერმა