,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, ქუთაისში დარღვევის შესახებ აცხადებს.მათ ფოტო გაავრცელეს, სადაც მაისურაძის ქუჩის #5-ში, 103-ე უბნის შესასვლელში პარტიული სიმბოლიკაა განთავსებული. საუბარია ,,ქართული ოცნების დროშაზე, რომელიც უბნის შესასვლელში, ეზოს ცენტრალურ კარებზეა დამაგრებული. 130-ე უბანი მეთორმეტე ბაგა-ბაღის შენობაში ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს.
კერძოდ, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.
დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.
დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.
ქუთაისის გარდა არჩევნების მეორე ტურია იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში ტარდება-ბაღდათსა და წყალტუბოში
ბაღდათში ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი რობაქიძე და “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა ენუქიძე უპირისპირდებიან.
იგივე ვითარებაა წყალტუბოშიც - მერის თანამდებობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაზა მეტრეველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან “ გენადი ბალანჩივაძე იბრძვიან.
მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ტარდება.
კერძოდ, არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს.
მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა.