დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა.
,,რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას.
რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს. ნახეთ, რა ხდებოდა ადგილზე - აგრესიულმა ჯგუფებმა, სცენას, სადაც ბავშვები უნდა ასულიყვნენ, ნაძვის ხის ასანთებად, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები.
პარალელურად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამას გარდა დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, ვიმოქმედეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა, მათ შორის ის მომიტინგეებიც, რომლებიც მზად იყვნენ, ყველანაირი პროვოკაციის მოსაწყობად.
ამჯერად, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, ჩვენს პატარებს, თანაქალაქელებს სიხარულისა და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი, საახალწლო ქალაქი. გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება. ამ დღეების განმავლობაში და ახალ, 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, - განაცხადა კალაძემ.
ფოტო-თბილისის მერიის არქივი