უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.
წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება".
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.
[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება.
„ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნა ჰქონდა, დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და ავრცელებდა დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელოს. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, მოწოდება, კანონი არ დაარღვიონ, კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული. შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენს საზოგადოებას, აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც ჩვენს ხელისუფლებას გამოუცხადა ნდობა და რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის შესაბამისად. კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იქნება ხვალ. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ჩვენს საზოგადოებას, ვისაც კონკრეტული საკითხი აღელვებს, არ ეთანხმება, მშვიდობიანად სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.