დღეს,15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას აწყობენ. პროცესში ქუთაისში მოქმედი დაწესებულებები უერთდებიან.
3 საათის განმავლობაში დროებით დაიკეტება ოფისები და დასაქმებულები გარეთ დადგება
აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს,თუ რა ელოს მოსახლეობას იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა; დაკეტილი ბიზნესი; სიღარიბე და უმუშევრობა.
,,საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
ამიტომ, იმის მიუხედვად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!,,-წერია გაფიცვის შესახებ ინფორმაციაში.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის მისამართით მიმართვა ვრცელდება.
,,ყველაზე არტისტული ქალაქის დიდ თეატრს გილოცავთ თეატრის დღეს!
ერთი თვის წინ თქვენ ერთჯერადად აღშფოთებული იყავით ქვეყანაში არსებული დაპირისპირებით. თქვენს ორაზროვან ტექსტებში აღნიშნეთ, რომ ემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და სიძულვილს. დღეს, როდესაც ძალადობაც და სიძულვილიც გაზრდილი და გაბევრებულია რეჟიმის მიერ, რას გრძნობთ?
არ გაკადრებთ არც თავისუფლების, არც ხელოვნების არსსა ან/და როლზე გრძელ-გრძელ აბზაცებს. სინამდვილეში, პირიქით, სწორედ თქვენგან ველით მგზნებარე გამოსვლებს თავისუფლებისა და ხელოვნების შესახებ, უფრო კი მათ დასაცავად. განა, ხელოვნება რაა - თქვენ არ ხართ? თუ მხოლოდ ტექსტებია? ან მხოლოდ პლასტიკა? ან მხოლოდ შენობა?
განა, დღეს, ანდრო ჭიჭინაძე არ არის თავისუფალი ხელოვნების გამოხატულება?
თუ ახლა ანდროს ვერ დავიცავთ, სხვებს როგორ დავიცავთ?
არც ისე შორეულ მომავალში, სანდრო ახმეტელის, საბჭოთა ტერორს შეწირული გამორჩეული თეატრალის ხვედრის გაზიარებისგან თქვენ როგორღა დაგიცავთ?
თქვენი განცხადება ბერტოლტ ბრეხტის სიტყვებით დაიწყეთ: „სადაც ძალადობა სუფევს, ხელოვნება და სიმართლე ვერ არსებობენ“. ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გამოსული, თქვენი თანამოქალაქეებიც ამასვე ვამბობთ.
ქვეყანას შემორჩენილი თქვენი, ჩვენი ერთი მუჭა ხალხი კი ბოლო ათწლეულებია რეჟიმებად ქცეულ ხელისუფლებებს ადგილზევე, ძალადობის პირობებში და ძალადობის მიუხედავად ებრძვის. ამიტომ, შემდეგი განცხადების გასამძაფრებლად შეგიძლიათ უწყვეტი პროტესტის ქრონიკებიდან მარგალიტებად ქცეული ციტატები მოიშველიოთ.
ახალი სეზონი საპრემიერო სპექტაკლით გახსენით, მაგრამ თქვენი დაკავებული კოლეგის მხარდამჭერა დაგავიწყდათ.
თქვენი ძარღვიანი სათქმელის მთავარი პრემიერა წინაა. თქვენი მთავარი სცენა დღეს ის ადგილია, სადაც ტირანიის დამყარებას ეწინააღმდეგება თქვენი, ჩვენი ხალხი. მაყურებელი კი ჯერაც გელით.
გვჯერა, რომ თქვენი გული დიდი ხანია თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ “რუსთაველზეა” იქნება ეს თბილისში, ქუთაისში თუ სხვაგან. მაგრამ, ხალხს თვალხილული მაგალითები სჭირდება.
თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია.
თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება.
თქვენი დუმილი საზარელია.
ამიტომ, გელით!
გელით, გამოხატული, დაფიქსირებული, არაორაზროვანი პოზიციით.
მაგალითად, დღეს - ქართული თეატრის დღეს.
მაგალითად, ხვალ, საყოველთაო ეროვნულ გაფიცვაში მონაწილეობის მისაღებად.
გელოდებოდით და გელით ყოველდღე.,,-წერია მიმართვაში.