შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.
ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემოდგომაზე, ამ მიმართულებით კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.