„ქუთაისში ვიწყებთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას. მათ შორისაა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია – უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტზე მუშაობა და შემდგომ განხორციელება. ასევე, ქუთაისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სახით, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. რამდენიმე დღეში დაიწყება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის აღდგენაც,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში, ისტორიული ქუჩებისა და შენობების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა.