სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთის 6 კმ-იანი ნაწილი ნოემბრის ბოლოსთვის გაიხსნება, ხოლო მომდევნო 6 კმ-ის დასრულება აპრილისთვის არის დაგეგმილი. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამტრედიის ხიდის მონაკვეთი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს მონაკვეთიც სრულად გავხსნათ''- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია — ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. 11-კმ-იანი მონაკვეთიდან 10 კმ-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კმ მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, საერთო ჯამში 30 კმ, უკვე გახსნილია მოძრაობისთვის
სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მაგისტრალური გზა გაზრდის სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.