საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულების ნაწილი, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩის გავლით მიემართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ასევე, საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.