გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 779 ფაქტი გამოავლინეს.
446 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 150 - ქუთაისში, 141 - ბათუმში, 42 კი - რუსთავში.
684 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 95 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 471 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 290 - მიკროავტობუსების, 18 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
მიმდინარე წლის ათ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7635 ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.