ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ. შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს . მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა.
საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს – ეკონომიკის მოცულობის (მშპ) 60%-ს გადასცდა.
სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს.
საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია.
გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია. მშპ-ის 60% მიჩნეულია კრიტიკულ ზღვრად, რომელსაც სხელმწიფო ვალის აღების ეტაპზე არ უნდა გადასცდეს. თუმცა 2021 წლის იანვრის მონაცემებით სახელმწიფო უკვე გადაცდა დადგენილ კრიტიკულ ზღვარს.
2021 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი რაოდენობით ვალი საქართველოს აღებული აქვს მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (IDA და IBRD) 6.79 მლრდ ლარის სახით, შემდეგ მოდის აზიის განვითარების ბანკი (ADB) 5.70 მლრდ ლარით, მესამე ადგილს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი იკავებს 2.41 მლრდ ლარის ვალის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ვალის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს წინაშე კვლავ დგას რესურსის დაბალი ათვისების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებით არის გამოწვეული და პროექტების განხორციელების პროცესზე პროექტების ფარგლებში აუთვისებელ რესურსებში გამოიხატება.
მაგალითად 2020 წელს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 88 პროექტიდან 38 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები (მათ შორის, 6 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა). სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით.