2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით).
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას.სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
,,მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.
საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი.,,-წერია განცხადებაში.