სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში მშენებლობის გარდა.
2021 წლის ჯამური მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 27%-ით და 4 მილიარდ 242 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 25%-ითაა გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი და 10 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 4550 ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. 31%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 505 მილიონი ლარი შეადგინა,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.