"ქართულმა ოცნებამ"მერობის კანდიდატები დაასახელა.ქუთაისში კენჭს მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი იყრის.
რაც შეეხება იმერეთს,სია ასე გამოიყურება:
ბაღდათი - კახა ენუქიძე
ჭიათურა - გივი მოდებაძე
წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე
საჩხერე - ლევან ივანაშვილი
სამტრედია - დავით ბახტაძე
თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი
ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი
ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი
ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი
ხონი - ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი - ვასილ გველესიანი
პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3 აგვისტოს დანიშნავს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს.
კანონმდებლობით საკრებულოებისა და მერების მორიგი არჩევნების დროდ საარჩევნო წლის ოქტომბრის პირველი შაბათი განისაზღვრა. შესაბამისად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება.
ამასთან, 3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. შესაბამისად, ამ დღიდან მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს მოქმედებას, რასაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს.
“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და კანონით დადგენილი წესით, თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
ამასთან, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.