ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.
დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;
რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% - კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% - საშუალოდ, 36% - ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.
ამასთან, გამოკითხულთა 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% - ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის - 4% -მა.
გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% - კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% - კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით , მამაკაცი, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციულ შენობასთან ოკუპანტი ქვეყნის დროშა გამოფინა, 500 ლარით დაჯარიმდა.
პირი, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა,გიორგი ძაგნიძეა.
შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა,რის შემდეგაც ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.