ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილი ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი თავის დასაბამს 2009 წლიდან ითვლის. ფორუმ-თეატრის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში - წევრები ირჩევენ თემებს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. მონაწილეები მოყვარული მსახიობებია, უმეტესად სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. სცენარების კონცეფცია სწორედ მოყვარულ მსახიობებს ეკუთვნით, რომელსაც შემდეგში ჩვენს რეჟისორთან - მაგდანა ჩიხლაძესთან ერთად ხვეწენ და ნამდვილ სცენარად აქცევენ ხოლმე. ასე ისინი, სცენარების წერის ტექნიკებსაც ეუფლებიან.
მომდევნო ეტაპზე შემოქმედებითი ჯგუფი დგამს მცირე სცენებს და მაყურებელს უტოვებს საშუალებას, იმსჯელოს ნანახი სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ პრობლემაზე. სწორედ ფორუმ-თეატრით, ინსცენირებით, ახერხებს მაყურებელი მისი რეალობის შეფასებას და ალტერნატიული გამოსავლის ძიებას იწყებს.
ამ წლების განმავლობაში ფორუმ-თეატრის ფრთის ქვეშ არაერთმა მოყვარულმა მსახიობმა, აქტიურმა ახალგაზრდამ გაიარა. ერთად მოიარეს დასავლეთ საქართველოს ყოველი მუნიციპალიტეტი, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე. ხშირია თვითმმართველობებთან თანამშრომლობით ჩატარებული ჩვენებები სხვადასხვა ჯგუფებთან, სკოლებთან აქტიური კომუნიკაციები.
ფორუმ თეატრები ტარდება სკვერებში, პარკებში და ღია სივრცეებში, სადაც გამვლელები საზოგადოება აქტრიურად ერთვება.
დასავლეთ საქართველოში არაერთმა სკოლამ თუ სამოქალაქო ჯგუფებმა ფონდ „სოხუმის“ ფორუმ თეატრის პრაქტიკის გაზიარებით შექმნეს ფორუმ თეატრები და დღეს ამ მეთოდით მუშაობენ.
მაგალითისათვის, USAID-ის პროექტით შექმნილი 7 ახალგაზრდული კლუბის მიერ მოხდა ამ მეთოდის მულტიფიცირება. ფორუმ თეატრის რეჟისორმა- მაგდანა ჩიხლაძემ ვორქშოპები ჩაატარა და შედეგად შეიქმნა 7 ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი. აღნიშნული ფორუმ-თეატრების შექმნის შემდეგ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შვიდივე ფორუმ თეატრმა წარმოდგენები გამართა სხვადასხვა სკოლებში, სოფლებში, სხვადასხვა ჯგუფებთან სხვადასხვა თემატიკაზე: ოჯახური ძალადობა, კონფლიქტები, ბულინგი, ლუდომანია, თაობათაშორისი კონფლიქტები, ფემიციდი და ა.შ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუშაობის გამოცდილება გაზიარდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ოსეთში არსებულ 5 ახალგაზრდულ ჯგუფთან და მათაც სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით შექმნეს ფორუმ-თეატრი მათთან.
“ფორუმ თეატრის მეთოდი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, შევძელი ამ მეთოდით ის პრობლემა მეჩვენებინა საზოგადოებისათვის, რომელიც ჩემთვის გულისტკივილს იწვევს. თაობათაშორისი კონფლიქტები და ოჯახური ძალადობა ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია. სცენის თამაშის დროს თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა ისე შევედი როლში, ძალიან მინდოდა სცენის ბოლოს ვინმეს ჩანაცვლება მოეხდინა და გამოსავალი მოეძებნა. ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი ამ კუთხით მნიშვნელოვანია, აფიქრებს საზოგადოებას არსებულ სიტუაციაზე, ერთად ვმსჯელობთ გამოსავლის ძიებაზე და ალტერნატიული გზებით კონფლიქტის არიდების გზებს ერთად ვნახულობთ,” - ახალგაზრდული კლუბის წევრის უკუკავშირი.
„ფორუმ თეატრმა ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. თითქოს, ის, რაც ხდებოდა, რეალობა იყო. მე, როგორც მაყურებელმა ჩანაცვლება გავაკეთე. ბევრი ვერსიის განხილვის შემდეგ, შევძელი გამოსავალი მეპოვა და შემეცვალა არსებული სიტუაცია. ასევე, მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ სცენები ისეთი შერჩეულია, ყველა თაობისათვისაა აქტუალური. ჩემ გვერდით იდგნენ ბებიები, დედის ტოლა ქალები, რომლებიც ემოციებით ცდილობდნენ ემსჯელათ გამოსავლზე, ესაუბრათ პრობლემის აქტუალურობაზე და მათ მაგალითებზეც პირადი ცხოვრებიდან. ეს მეთოდი არის დისკუსიის საუკეთესო პლატფორმა“ - ფორუმ თეატრის მაყურებელი.
16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენლებისთვის, ერთ-ერთი შთამბეჭდავი აქტივობა გახდა ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ "ლივ შტაინზე" დასწრება, რის შემდეგაც Art Cafe Martini-ის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, მთავარი როლის შემსრულებელ ენდი ძიძავასთან გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ნინო ჭოლაძე, მაგდა გერაძე და ირინა გუბელაძე.
დიალოგში "ჩაისთან ერთად" ქალთა ფონდ "სოხუმის" თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ბენეფიციარები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრაზე, ქალთა ფონდ "სოხუმის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა - ალლა გამახარიამ, დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატონ ენდი ძიძავას, ჩვენს საყვარელ მსახიობებს და ისაუბრა თეატრის მნიშვნელობაზე ფასეულობების პოპულარიზაციის საკითხში, სწორი მიმართულებების და მაგალითების უპრეცედენტო გადამდებობაზე, რომელიც მოაქვს ჭეშმარიტ ხელოვნებას. ქალბატონმა ალლამ და ფონდის სხვა წარმომადგენლებმა სტუმარ მსახიობებს მოუთხრეს ფონდის საქმიანობის შესახებ, რაც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა სტუმრებისთვის.
შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს სპექტაკლის შთაბეჭდილებებზე. ასევე ახლო წარსულზე და "ბამბაზიის სამოთხეზე", რომელშიც ქალბატონი ენდი ძიძავა აფხაზი დედის როლს ასრულებდა და ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საეტაპო იყო მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში.
„როდის შეიძლებოდა ეს სურვილი ამეხდინა და ასე ერთ მაგიდასთან მესაუბრა ჩვენს არაჩვეულებრივ მსახიობებთან. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით“, - ნანა შაკაია.
„მე მახსოვს ქალბატონი ენდის აფხაზი დედის სახე, მაგრამ არანაკლებ შთაბეჭდილებად გამყვება მისი ლივ შტაინი, ძლიერი და დიდებული ქალი“, - ბელა კუპრეიშვილი.
„ჩვენ დაგვავიწყდა, რომ თეატრს ამხელა ბედნიერება მოაქვს და ეს თქვენ გაგვახსენეთ. ქალის განსაკუთრებული მოუცლელობის გამო, რაღაცნაირად ვივიწყებთ, რომ შგვიძლია თვეში ერთხელ მაინც ვაჩუქოთ ეს დრო საკუთარ თავს. თანაც ასეთ სტუმრებთან პირდაპირი საუბარი.. ეს ხომ აუხდენელი ოცნების თემა იყო? მადლობა სტუმრებს და მადლობა მასპინძლებს,“ - მანანა ჩაკვეტაძე.
მესხიშვილის თეატრის მსახიობმა ენდი ძიძავამ, 6 დეკემბერს, მისივე იუბილეზე ნათამაშები „ლივ შტაინი“ სწორედ საერთაშორისო კამპანიას, 16 აქტიურ დღეს მიუძღვნა, რომლის სლოგანია „დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა“ და მეგობრებთან ერთად, ფონდ "სოხუმთან" სამომავლო ურთიერთობის სურვილით დაემშვიდობა აუდიტორიას.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და დისკუსიებში მათ ჩართვას
აღნიშნული კამპანია განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.