,,ქუთაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის,,- ამ დევიზით დღეს, საღამოს 19:00საათზე ქუთაისში, მერიის წინ აქცია გაიმართება.
,,1991 წლის 31 მარტს, სარეფერენდუმო კითხვაზე-„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად გასცა ისტორიული პასუხი - დიახ!
რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
31 მარტის რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
რეფერენდუმში მონაწილეთა 99%-მა უარი თქვა იმპერიალისტურ ბორკილებზე და მტკიცედ განაცხადა საქართველოს და ქართველი ხალხის ურყევი ნება - არასდროს დაბრუნდეს საქართველო საბჭოთა წყობილებაში.
სწორედ ამიტომ, 31 მარტი ქართველების ეროვნული დღესასწაულია.
ამავდროულად, ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვრის დაცვა დღეს ჩვენი მოვალეობაა. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში მუდმივად საფრთხის ქვეშაა.
31 მარტს, 19:00 სთ.-დან ვიკრიბებით ქ. ქუთაისის მერიის წინ (პროტესტის ჩვეულ ადგილას) 31 მარტის მონაპოვრის, ქართველი ხალხის ღირსების, ჩვენი იდენტობისა და ისტორიული არჩევანის დასაცავად.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში განსაკუთრებული როლი აქვს.,,-წერია ინფორმაციაში.
დღეს ჭიათურაში მასშტაბური აქცია გაიმართება.
,,ჭიათურელებო, დღეს საქმე ჩვენი ქალაქის არსებობას ეხება!
კომპანიამ, რომელიც (Georgian manganese)წლებია მადანს მოიპოვებს, გადაწყვიტა, დახუროს მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები – მათი თქმით, ეს აღარ არის რენტაბელური. მაგრამ იცით, რა არის მათი გადაწყვეტილება? მაქსიმალურად გაზარდონ ღიაკარიერული მოპოვება!
ეს ნიშნავს ქალაქისა და მისი შემოგარენი სოფლების სრულ განადგურებას!
შუქრუთი, ითხვისი, რგანი და კიდევ ათობით სოფელი მიწასთან გაასწორეს. ჭიათურას ისედაც უჭირდა, მაგრამ ახლა აქ ცხოვრება სრულ კატასტროფად იქცევა – ჰაერი უფრო დაბინძურდება მდინარეები დაბინძურდება რისი ნათელი მაგალითიც მდინარე ყვირილაა.
ეს მხოლოდ ეკოლოგიური საფრთხე არ არის!
ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური კოლაფსიც მოჰყვება – 3,620 ადამიანი და მათი ოჯახები, რომლებიც მიწისქვეშა მოპოვებით იყვნენ დასაქმებული, უმუშევრები დარჩნენ.
ჩვენ 30 დღეა ვიბრძვით – აქციებით, მსვლელობებით, ხმამაღალი პროტესტით ჭიათურაში, ზესტაფონში, თბილისში – მაგრამ არავინ გვისმენს!
სახელმწიფო გადაწყვეტილების ნაცვლად უსმენს პროფკავშირებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, თავიანთ წევრ დასაქმებულებს ხელფასები როდის და რა პრინციპით ერიცხებათ, მაგრამ დღეს სწორედ ისინი წარმოგვადგენენ მთავრობასთან რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით , სამხრივ კომისიაში აუცილებლად უნდა იყოს დასაქმებულთა ჯგუფი ვინც ზედმიწევნით ხედავს არსებულ პრობლემებს.
მედიამ ზურგი გვაქცია!
კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით დამონტაჟებული ვიდეოები გაავრცელეს ადგილობრივმა მედიამ კი ეს კადრები მიაწოდა “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომლებმაც ეს ინფორმაცია ისე გააშუქეს, რომ ჩვენი პროტესტის ნამდვილი მიზეზი ჩაახშობას ცდილობენ.
დრო აღარ ითმენს!
ჩვენი ერთიანობით და უპრეცედენტო თანადგომით შევძლებთ, შევცვალოთ ეს რეალობა!,,-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.