ჭიათურაში მაღაროელები უკვე 26 დღეა შიმშილობენ.მოთხოვნა უცვლელია-4 დაკავებული თანამებრძოლის გათავისუფლება. რამდენიმე დღეში მათი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
,,რაც შეეხება შიმშილობის მონაწილეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საგანგაშოა. წუხელ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, ცნობიერება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გარდა ამისა, უკვე 24 საათზე მეტია, რაც სიმონ მიქაცაძე აბსოლუტურ შიმშილობაზეა — არ იღებს არც საკვებს და არც სითხეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმდება. რთულია მდგომარეობა ციხეში მყოფ მოშიმშილე მერაბ სარალიძის შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, რომ მერაბის, გიორგის, არჩილისა და თენგოს სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 17 ივლისს, ხუთშაბათს.
რაც შეეხება დამატებით მოთხოვნებს — შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელ კომპანიას 4 თვის ხელფასების დავალიანება აქვს დასაფარავი.
გავიდა დღეები, კვირები, უკვე 4 თვე — დაპირებები იშვიათად იცვლება: “ხვალ”, “რამდენიმე დღეში”, “მიმდინარეობს მოლაპარაკება”, “თვლიან”, “ანგარიშობენ”… მაგრამ ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია.,,-აცხადებენ მაღაროელები.