შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი პირი ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.
ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
