სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს. ,,-წერია ინფორმაციაში.
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ გაუგზავნონ ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახდეს აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებსაც მოსახლეობა ვერ ყიდულობს.
„ბატონო მინისტრო, მოგმართავთ გადაუდებელი საჭიროების გამო და გვაქვს გადაუდებელი დახმარების მოლოდინი.
ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით.
მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.
უკვე 5 თვეა მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა” ყოველგვარი გაფრთხილების ან გეგმის გარეშე შეაჩერა საწარმოს მუშაობა და მესამე თვეა, სრულად შეწყვიტა საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება.
ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია.
ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო.
მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ (ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ აფთიაქებში) სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება (ჩვენთვის ცნობილ, კრიზისულად საჭირო წამლების ჩამონათვალს ვურთავთ წერილს).
ასევე გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე, რომელზე დამოკიდებულიც არიან ჩვილ ბავშვთა ოჯახები და ბოლოს გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად – ეს შეიძლება იყოს პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კონსერვირებული საკვები და სხვა პროდუქტები.
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე თქვენი თანადგომა მატერიალურის გარდა მორალურადაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერია ჭიათურელი მაღაროელების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.