დღეს, 29 მარტს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მერიის წინ შეკრება 15:00საათზე არის დაგეგმილი.
,,საქართველოში უკვე წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება - ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს, გააუცხოვოს ერთმანეთისგან და დაასუსტოს.
ამიტომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს!
ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვაერთიანებს საერთო წუხილი, საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
ამჯერად ამ ერთობის დემონსტრირება ქუთაისში უნდა მოხდეს. ქუთაისი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ეს არის ქალაქი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება ქვეყნის გაერთიანებასა და ერთობას.
ამიტომაც სწორედ ქუთაისი უნდა გახდეს ადგილი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
29 მარტს ქუთაისში ჩამოვლენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
29 მარტს შევიკრიბოთ ქუთაისში ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო: „ძალა ერთობაშია“!,,-აქციის ორგანიზატორები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ და მერის მოადგილეებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში ხეები დარგეს.
გამწვანების აქციის შემდეგ ბავშვები ბაღდათის თოჯინების თეატრის სპექტაკლს დაესწრნენ და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის პედაგოგებთან ერთად შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინიციატივით გამართულ შემეცნებით ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ.