სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა განაცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.
,,სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.
სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 1 იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კი, სამართალდარღვევის 42 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 1 - სამცხე-ჯავახეთში, 12 - სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - კახეთში, ხოლო 1 - შიდა ქართლის რეგიონში.
„ ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“ - აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.