რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია გაეცნენ.
სამშენებლო ობიექტის ადგილზე შემოწმება წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა, რაც მიმდინარე სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის, ტემპისა და ხარისხის ადგილზე შეფასებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სკოლის შენობის სრული განახლება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს სასწავლო სივრცეების მოწესრიგებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლებას, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შექმნას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 220, კახეთში - 193, იმერეთში - 166, სამცხე-ჯავახეთში - 89, გურიაში - 57, ქვემო ქართლში - 56, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 50, შიდა ქართლში - 42, მცხეთა-მთიანეთში კი - 38.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.