ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ბუხრაშვილთან ერთად, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობათა ქსელის პროექტის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე გამოვლინდა საუკეთესო ხუთი თვითმმართველობა. პრიზები გადაეცათ ქუთაისის მე-7, 33-ე, 23-ე, 30-ე საჯარო სკოლებისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა თვითმმართველობებს.
პროექტი „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, საუკეთესო გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას, მოსწავლეებში ლიდერული, ორგანიზაციული თუ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოვლენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ითხვისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა დამონტაჟებული.
უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული კაკლის, დაახლოებით 3 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი მასალა და საშეშე მერქანი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. ამ პერიოდში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მხოლოდ იმერეთში კი, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტყით უკანონო სარგებლობის 152 ფაქტი დაფიქსირდა.