ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება. ელეონორა არჩაია იმ რამდენიმე საკითხს გამოყოფს, რომელიც, მისი შეფასებით მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი უნდა იყოს.
,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ძირეული რეფორმა უნდა იყოს შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი! სირცხვილია, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს არ ემსახურებოდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაშინ, როდესაც კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონია გამოყოფილი. გაუმართლებელია, ტრანსპორტის განვითარებაში მხოლოდ 5.8 მილიონი ლარი იხარჯებოდეს. მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს ახალი, გამართული, მაღალი ტევადობის ავტობუსები, დაამატოს ახალი სატრანსპორტო ხაზები, დაემატოს და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ავტობუსის გაჩერებებს. ხოლო, სამარშუტო ტაქსები ეტაპობრივად მთლიანად უნდა გაუქმდეს ან ჩანაცვლდეს უახლესი ავტომობილებით!
შემდეგი პრიორიტეტული საკითხი არის საგზაო ინფრასტრუქტურა და ქვეითთა უსაფრთხოება. გარდა ქუჩების რეაბილიტაციისა, აუცილებელია არსებული გზების მოხაზვა, ზებრა გადასასვლელების დამატება და არსებულის თავიდან გადაღებვა. ქალაქში დასამატებელია საგზაო ნიშები და შუქნიშნები! მოსაწესრიგებელია ტროტუარები, დასამატებელია ხელოვნური ბარიერები, რათა არ მოხდეს მანქანების უკონტროლო პარკირება. და ასევე დასამატებელია საპარკინგე სივრცეები. ქალაქში პრიორიტეტი უნდა გახდეს ქვეითი!
შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ქალაქში ჯერ კიდევ არის არაერთი ქუჩა თუ უბანი, სადაც ეს საკითხი უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს. წვიმის ან უამინდობის დროს კი, ამ პრობლემას ქალაქის ყველა მოსახლე საკუთარ თავზე გამოცდის. აუცილებელია, ამ საკითხს, რაც შეიძლება მეტი თანხა მიემართოს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, ქალაქმა მეტი რესურსი ჩადოს ახალი მწვანე სივრცეების განვითარებასა და არსებულის უკეთ მოვლა-პატრონობაში. მისასალმებელია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, თუმცა ქალაქის სხვა არაერთი პარკი საჭიროებს განახლებას და მეტ ყურადღებას. ასევე მნიშვნელოვანია, საღორიის ტყის გადარჩენა და მისი რეკრეაციული განვითარება. არ შეიძლება ქალაქის ფილტვები ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს.
ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ქუთაისში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოყოფილი დახმარებები. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, შშმ პირები და შემწეობის მიმღები სხვა დანარჩენი პირები იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და უკეთეს მხარდაჭერას მუნიციპალიტეტისგან.
ყველას ესმის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ქალაქის ერთი წლის ბიუჯეტი ვერ მოაგვარებს. თუმცა, მნიშვნელოვანია ქალაქის მწირი სახსრები სწორად გადანაწილდეს და გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის მოთხოვნები. მომდევნო დღეებში, როგორც აქამდე, ისევ აქტიურად დავაყენებ ზემოთ ხსენებულ საკითხებს. ვიმედოვნებ, ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოხდება წამოყენებული პრიორიტეტების გათვალისწინება!,,-ელეონორა არჩაია.
ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
