„კლინიკა ბომონდში დღეს 3 ბავშვი გამოჯანმრთელდა. მოზარდებმა სტაციინარი უკვე დატოვეს. თითოეულ მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
„სამმა პაციენტმა დატოვა „კლინიკა ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი.
„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ამ დროისათვის 90-მდე პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის არის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, 9 ორსული და ერთი მელოგინე.
ერთი პაციენტი,რომელიც დილით გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ექიმების თქმით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ის დილის 8 საათზე გარდაიცვალა და სტაციონარში 18 აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა. ბოლო სამ დღეში საქართველოში 5 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 ქუთაისში.
რაც შეეხება დღის მონაცემებს, დღეს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – 4, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – 4, აქედან ერთი ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში – 1, ზუგდიდში – ორი.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1643 -ს შეადგენს.