27 აპრილს,აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლი, 15:36 საათზე გამოდმოვიდა.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს "ჯორჯიან ეარვეისის" რეგულარული რეისით დღეს საღამოსვე ჩამოიტანენ.
ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.