ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციაა.
„მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ 1, ან 2 დოზით აცრილი. ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85% ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია.
მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე”, - განაცხადა ტიკარაძემ
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადი რეანიმაციულ საწოლზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.