ჯანდვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა, ამ ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ამოიწურება.
როგორც ტიკარაძემ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ლოკაციაზე მომუშავე ექიმები სრულად გადამზადებულები არიან და მათ საშუალება ექნებათ მართონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები.
„ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი 5-ტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც არაერთი მედია-შარჟი გავრცელდა, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ვადასტურებთ, რომ ამ ავზების მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია როგორც ინტენსიური, ისე რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და აქვთ ყველა უნარ-ჩვევა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება გაუწიონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთოების გადაზღვევით.
საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზებ, რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა გაშლილი იმ საომარ მდგომარეობაშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“,- განაცხადა ტიკარაძემ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალი თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არსებობს გეგმა, რომ დანარჩენ რეგიონებშიც განთავსდეს.
„საველე ჰოსპიტალი დღეს თბილისშია უკვე გაშლილი. ასევე არის მეორე, სარეზერვო ლოკაციაც. ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არის ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, ამაზე მიდის მუშაობა როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონში ემატება საწოლები. ზოგ რეგიონში ახლა დაიწყო ინფექციის აღმავლობა, იქ არის მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ჯერ საველე ჰოსპიტლები თბილისშია, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, რომ თუ საჭირო იქნება სხვაგანაც შესაძლებელია ამის გაკეთება",- აღნიშნავს გაბუნია.
გაბუნიამ დასძინა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულები არიან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, მათ შორის, ინდოეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულები.