ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე (შემდგომში წმინდა დიდმოწამედ ცნობილი) იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა.
დიოსკორემ გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა. ამისთვის თავის მამულში კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მხოლოდ მისი წარმართი აღმზრდელი და მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ღვთის განგებით და ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა. დიოსკორე მდიდრულ აბანოს აშენდებინებდა. ნაგებობის სამხრეთ კედელში დიოსკორეს ბრძანებით მუშები ორი სარკმლის დატანებას აპირებდნენ. ბარბარემ ისარგებლა მამის შინ არყოფნით და წმინდა სამების ნათელის ნიშნად, სიმბოლოდ მუშებს მესამე სარკმელიც გააკეთებინა. აბანოს შესასვლელში წმინდა ბარბარემ თავად გამოსახა ჯვარი. აბანოს ქვის საფეხურზე საკუთარი ნაფეხური აღბეჭდა, რომლიდან მოგვიანებით დიდი ძალის მქონე წყალმა ამოხეთქა. დაწყლულებული და დამუწუკებული ავადმყოფები განსაკურნებლად ამ წყლთან მიდიოდნენ.
როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.
ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაცდიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარაი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ მიიჩნევენ.
4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა.თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში .ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემელის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.