რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ფოტო- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. წმინდა გიორგის ხატი, გელათი, XI საუკუნე.
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქუთაისში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მწვანე ყვავილაზე მდებარეობს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
წმინდა მამების სწავლების თანახმად, წმინდა ანგელოზებს შორის არსებობს განსხვავება.
ანგელოზთა უპირველეს დასში არიან ისინი, ვინც ყველაზე ახლოსაა უფალთან: სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი.
ანგელოზთა მეორე დასი: ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი.
ბოლოს მესამე: მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
წმინდა დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ ცხრა რანგის.
ანგელოზების რიცხვი ძალიან დიდია. დიონისე არეოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:
მთავარანგელოზი მიქაელი ( ებრ. - ვინ არს ვითარცა ღმერთი)
მძლეველი ყველა მტრული ძალებისა, მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან;
მთავარანგელოზი გაბრიელი (ებრ. - ღვთის კაცი, სიმაგრე ღვთისა)
სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი.
მთავარანგელოზი რაფაელი (ებრ. - განკურნება ღვთისაგან)
ავადმყოფობისაგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი;
მთავარანგელოზი ურიელი (ებრ. - უფლის ნათელი)
აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა.
მთავარანგელოზი ეგუდიელი (ებრ.- მადიდებელი ღმრთისა)
მფარველი მგზავრობისას და გაჭირებულთა დამხმარე.
მთავარანგელოზი ვარახიელი (ებრ. - ღვთისაგან კურთხეული)
მიმცემი და შუამავალი ღმერის სიკეთისა და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა;
მთავარანგელოზი სელაფიელი (ებრ. - ლოცვა ღვთისადმი)
მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისთვის;
მთავარანგელოზი იერომიელი (ებრ. - ღმერთთან ამაღლება)
ღმერთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი;
მთავარანგელოზი ტახნილი (გაურკვეველია)
დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.