„ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალი პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.
პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად, ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განხორციელდა. ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება და კომპანია მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება.
საწარმოს დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება, ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა.
კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.
ჭიათურაში, პროექტის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე დაესწრნენ.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ქუთაისს 60 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი გადმოეცემა. ქუთაისის გარდა ავტობუსები ეტაპობრივად კიდევ რამდენიმე ქალაქში განაწილდება . გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 გადაეცემა.
შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.