წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების, ასევე სხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული.მათ შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა პრიორიტეტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
დევნილთა დასახლებაში (გვიშტიბი) 150 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება შენდება, ხოლო სოფელ გეგუთში №11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა.
,,ჩვენ, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული სწავლის პირობები და მათ უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულებებში. რეგიონში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება, როგორც სკოლებს ასევე საბავშვო ბაღებს. დღეს ჩვენ, წყალტუბოში ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს” - ლევან ზალკალიანი.
აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 5 753 200 ლარით ფინანსდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, რომლებიც 186 დღეა უწყვეტ აქციას მართავენ,საქართველოს მთავრობის პირველი პირების განცხადებებს ეხმაურება.ამასთან, აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებენ,ორშაბათ, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე,სოლიდარობის აქციაში ჩაერთონ და მათ მხარი დაუჭირონ.
,,გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით. ჭიათურიდან აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით და რამოდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენეს და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს. როგორც იცით, 14 მარტიდან უწყვეტი საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან. მთელი ამ 6 თვის განმავლობაში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლაც, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად. სამაგიეროდ, იმეორებენ ,,ჯორჯიან მანგანეზის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს მიღებული, რაც სიცრუეა და მზად ვართ, ეს დოკუმენტალურად დავამტკიცოთ. ამიტომ, ვითხოვთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა - ,,ჯორჯიან მანგანეზმა'' მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს. ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის. სამწუხაროდ, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას სამართლიანი მოთხოვნის. დაკმაყოფილებამდე. მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ და ყველაფერი გააკეთონ ჩვენი უფლებების დასაცავად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, ,,ჯორჯიან მანგანეზი'' იმდენად გავლენიანია, უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი. ამასთან , ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და არ ვიჩაგრებოდეთ, ვთხოვთ, ორშაბათს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მოვიდნენ სოლიდარობის აქციაზე.,,-სოფელ შუქრუთის მოსახლეობა.
პირველი სექტემბრიდან აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს.ამ დროისთვის ხუთი პირამოკერილი ადამიანიდან ღამეს პარლამენტის წინ ათევს.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.