სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებმაც დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს, ხოლო გუშინ ერთ-ერთმა მაღაროელმა, მირზა ლოლაძემ პირი ამოიკერა .
,, პროტესტის ამგვარი უკიდურესი ფორმების გამოყენება კიდევ ერთი დასტურია, რომ უკიდურესი უსამართლობის და ჩაგვრასთან წინააღმდეგობის სხვა გზას მშრომელები ვეღარ ხედავენ და იძულებული არიან, თვითდაზიანების უმძიმესი აქტს მიმართონ.
მაღაროელები 2025 წლის თებერვლის თვიდან საპროტესტო აქციებს მართავენ კომპანიების, "ჯორჯიან მანგანეზისა" და Chiatura Management Company-ის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევების გამო. „ჯორჯიან მანგანეზმა’’ თებერვლიდან შეწყვიტა მათთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტა გამოაცხადა. ამ მდგომარეობამ ჭიათურაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა.
სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, 28 აპრილს პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც 4 ჭიათურელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, რაც სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას და ამასთან ერთად, მათ მიერ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულების წინასწარი პატიმრობა.
ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას მაღაროელების უფლებების დასაცავად და თანადგომას ვუცხადებთ ჭიათურელებს, რომლებიც წლების განმავლობაში განგრძობითად განიცდიან მჩაგვრელობით და უსამართლო მოპყრობას "ჯორჯიან მანგანეზის" და სახელმწიფოს მხრიდან.,,-,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი.