21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქუთაისში თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, ქუთაისის სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს 27 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.
ფოტო პირობითია.