ქართველი ჟურნალისტი , „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.ორივე მათგანი პატიმრობაში იმყოფება.
როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“.
პრემიის გამარჯვებულებს 50 000 ევრო გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.