ბაღდათის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა,ადგილობრივები ამბობენ, რომ ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა.
,,დავდივართ ამ ხიდით, ვსარგებლობთ, ბავშვები გვყავს, რაიონში დავდივართ. სამსახურიდან რომ მოვედი, ხიდი დამხვდა დანგრეული.რატომ დაანგრიეს ისე, რომ ახალი არ გააკეთეს არ ვიცი.სათადარიგო მაინც გაეკეთებინათ, რომ საფეხმავლოდ გადაადგილება შეგვძლებოდა,,- ამბობს სოფელ ხიდისთავის მცხოვრები ხვიჩა ხიზანეიშვილი.
აქციის მონაწილეების თქმით, ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ასევე შეფერხებულია მაღაზიების პროდუქტით მომარაგება.
მოსახლეობა საფეხმავლო ხიდის დაუყოვნებლივ გაკეთებას ითხოვს.
,,ეს ხიდი ავარიული იყო , ხიდი სამუშაოების დროს დაზიანდა , ნაწილი ჩაინგრა.გამოყოფილია დაფინანსება, ტენდერის შედეგად შერჩეულია კომპანია, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს.კვირის ბოლომდე საფეხმავლო ხიდი აღდგება, ასევე აღდგება წყალმომარაგება. არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს , უკავშირდებიან სოფელ დიმის გავლით ქალაქ ბაღდათს ,, -განაცხადა არჩილ გოგსაძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა.